შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას განაგრძობენ. სოციალური კამპანია – „არა ძალადობას!“ შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, 25 ნოემბრიდან ხორციელდება. ოჯახში ძალადობის პრევენციის და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-ს აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე გადამზადებული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე საინფორმაციო ბუკლეტებს მთელი საქართველოს მასშტაბით არიგებენ.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ამჯერად ისანი-სამგორის რაიონის მაცხოვრებლებს დაურიგეს. ამ რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართულ ოჯახებს რუსულენოვანი ბუკლეტები დაურიგდათ. ბუკლეტში თვალსაჩინოდ არის მოცემული ცხელი ხაზის ნომერი - „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გააცნეს, თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა და რა სამართლებრივი მექანიზმების საშუალებით იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით განხორციელდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. მიღებული ცვლილებების შედეგად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადე კანონის ძალითვე ისჯება. როგორც საუბრისას გაირკვა, მოქალაქეებს ამ თემის ირგვლივ არაერთი კითხვა ჰქონდათ, რომლებზეც სტუმრად მყოფი სამართალდამცველებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო. სამინისტრო ამ კუთხითაც აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საინფორმაციო სახის შეხვედრები სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან, რადგან მათი განსაკუთრებული მოწყვლადობის გამო უმნიშვნელოვანესია ამ კუთხით მათი სწორი ინფორმირება. ასევე, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ სამართალდამცველებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.