შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი მამუკა ქიტუაშვილი და მისი თანამზრახველი პირი - ბიჭიკო გ. დააკავეს, რომლებმაც მოქალაქისგან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ძვირფასი ლითონების საბაჟო წესების გვერდის ავლით გადმოტანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 4000 აშშ დოლარი აიღეს.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე დააკავეს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი ზურაბ რევაზიშვილი.
გამოძიება მამუკა ქიტუაშვილის მიმართ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ბიჭიკო გ-ს მიმართ – ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ზურაბ რევაზიშვილის მიმართ – მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.