შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ღონისძიებაზე დეპარტამენტში ჩატარებული რეფორმის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია და გდდ-ს საქმიანობის ამსახველი კლიპის ჩვენება მოეწყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„კარგად მესმის, რომ თქვენი პროფესია - ეს არის უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.
თქვენ მრავალ ფლანგზე იბრძვით: ზრუნავთ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე და უზრუნველყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, თქვენი წვლილი შეგაქვთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რთულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებთ ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ საგუშაგოებზე, უმნიშვნელოვანესია თქვენი დახმარება ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.
ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ, რათა თქვენი მისია წარმატებით შეასრულოთ და მზად ხართ, ამ მისიის შესასრულებლად, საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდადებისთვის!“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
ღონისძიების დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სამინისტროს სამკერდე ნიშნები, მადლობის სიგელები და სხვა წამახალისებელი ჯილდოები პირადად გადასცა.