შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვევამდელთა ახალი ნაკადი მიიღო. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე 242-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ახალწვეულებმა ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს.
წვევამდელთა ფიცის მიღებას შს მინისტრის მოადგილე პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი ზაზა ფანცულაია, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წვევამდელთა ოჯახის წევრები, რომლებსაც ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რა პირობებში იმსახურებენ მათი შვილები.
წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
ღონისძიების დასასრულს შს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილმა დემობილიზაციაში გასული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გამოჩენილი მამაცობისა და საბრძოლო ღირსების დაცვისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.