საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი ზაზა ფანცულაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) უფროს ტრეისი ნიუველს, ამავე ბიუროს უფროს მრჩეველს პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერს, პროგრამის კოორდინატორ ნინო მარდალეიშვილს და გამოძიების ფედრეალური ბიუროს ატაშე დამიან ბრიკოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ რევიშვილი, თემურ ეუბიძე და ამავე დეპარტამენტის სამოქალაქო ურთიერთობებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განვითარების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, INL-ის პროგრამის დაფინანსებითა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მხარდაჭერით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები და განსაზღვრეს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები.
2013-2014 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართლდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებითა და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ხელშეწყობით ჩატარდა და ორგანიზება გაუკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას, შეხვედრას და ტრენინგს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, INL-ის პროგრამის ფარგლებში, დეპარტამენტს გრანტის სახით გადაეცა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკური აღჭურვილობა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვეს.