შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ალგეთის თემში - ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღებაში ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბალაბეკ გიზბასოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოს-და აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე თემის სოფლებში მაცხოვრებელი პირებისგან 400 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი - ცხვარი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. სამართალდამცველებმა ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის რაიონში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).