შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში - გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ მან მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი. სამართალდამცველებმა გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დაბა აბასთუმანში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).