შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სალაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქე რეზო მ-ს ნათესავისთვის საქართველოში მუშაობის ამსახველი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობის მიცემას დაჰპირდა, რომელიც მას რუსეთის ფედერაციაში პენსიის დასანიშნად სჭირდებოდა. აღნიშნული ცნობის სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, გურამ სალაძემ მოითხოვა და გამოართვა 300 ლარი. სამართალდამცველებმა იგი თანხის აღების დროს დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).