შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის ხელმძღვანელი მამუკა ქოიავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორი მაია გაბუნია მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტებს შეხვდნენ და შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა და „1+4“ პროგრამა გააცნეს.
შეხვედრას ადგილობრივი სკოლების 100-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე დაესწრო. შსს-ს აკადემიის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს წარუდგენა პრეზენტაცია თემაზე „შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა“, რის შემდეგაც მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შსს-ს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის მიცემას და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო საქმიანობისათვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. 4 წლიან სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც უახლეს მეთოდებსა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან.