აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებისთვის, საწყის ეტაპზე, ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშმა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიზიტის დროს, საქართველოს შს მინისტრის ინიციატივას შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნის შესახებ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნული ინიციატივა გიორგი მღებრიშვილმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - უილიამ ბრაუნფილდთან შეხვედრისას გააჟღერა.
„აკადემიის რეფორმა ხელს შეუწყობს როგორც საპოლიციო განათლების სტანდარტის ამაღლებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში, ამავდროულად, სამართალდაცვით სფეროში რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საფრთხეების ერთიანი აღქმისა და საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას“,-აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიაში სამართალდამცავი ორგანოების ლიდერობისა და მართვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება. INL-ის მხარდაჭერით, აღნიშნულ ცენტრში პოლიციელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს აშშ-დან მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ.