შსს-ს აკადემიაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის - „ერთი დღე აკადემიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე ესწრებოდნენ.
შსს-ს აკადემია ახალი პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო სასწავლო კურსებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში შემდეგი მიმართულებებით: პირველადი სამედიცინო დახმარება; სამგზავრო დოკუმენტები; კრიმინალისტიკა; ვირტუალური ტირი; ხელჩართული ბრძოლის ილეთები; შსს-ს არქივში დაცული საქართველოს თანამედროვე ისტორიის საარქივო მასალები.
საპილოტე პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.policeacademy.gov.ge დარეგისტრირებული საჯარო სკოლების მოსწავლეები.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ტესტირების შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს შესაბამის სერთიფიკატებთან ერთად პრიზები გადაეცემათ. ტესტირების ყველა მონაწილე ასევე მიიღებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ სერთიფიკატსა და სამახსოვრო საჩუქრებს, აკადემიის სიმბოლიკით.
პროექტის მიზანია შსს-ს აკადემიის პოპულარიზაცია, პოლიციის როლის უკეთ წარმოჩენა და შსს-ს აკადემიაში მიმდინარე პროგრამებისა და პრიოტეტების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება.