შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მოიცავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელებას, რესურსების, მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის გაზიარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.
მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე შსს-ს აკადემიის მიერ ინიცირებულ ახალ პროექტზეც - „ერთი დღე აკადემიაში“ - იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი შსს-ს აკადემიაში მიმდინარე წლის მაისში საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოში.
შეხვედრის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, რეალური და ვირტუალური ტირი და იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაათვალიერა.