შსს-ს აკადემიას სომხეთის საჯარო სკოლების რესურს-ოფიცრები ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს აკადემიის სასაზღვრო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი გიორგი მერაბიშვილი, უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტის უფროსი მამუკა ქოიავა და აკადემიის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შსს-ს აკადემიის სტრუქტურისა და სასწავლო პროგრამების გაცნობა შემდეგ საკითხებზე: საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია; ოჯახში ძალადობა; არასრულწლოვნების დაკითხვა; დაზარალებული ბავშვების დაკითხვა და პრევენციული ღონისძიებები, რომლებსაც სამართალდამცველები ახორციელებენ.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სომეხ მანდატურებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების მიღების პროცედურები და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგია გააცნეს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის ცენტრი, კომპიუტერული ცენტრი, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სპორტული დარბაზი, დაბრკოლებათა გადალახვის ზღუდე, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.