შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რომან ა. ყაჩაღობის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რომან ა. მიმდინარე წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები თეიმურაზ თ-ს ოჯახს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, ოქროული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თეიმურაზ თ-ს სახლიდან გატაცებული ჯიბის საათი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფოთში მდებარე ლომბარდიდან კი ამოღებულია ყაჩაღობისას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნაკეთობა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).