შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „ვალეს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით 6 პირი: ირანის ისლამური რესპუბლიკის 3 მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული ტოჰიდ ე, 1971 წელს დაბადებული ნაჰარინ მოჰჰამად ა, 1959 წელს დაბადებული სეიედ რაზავი მირ ქ. და საქართველოს 3 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ცოტნე პ, 1990 წელს დაბადებული ნიკა ბ. და 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში, საზღვარზე გადასვლისას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქეები: ტოჰიდ ე. ნაჰარინ მოჰჰამად ა. და სეიედ რაზავი მირ ქ. საქართველოს მოქალაქეების: ცოტნე პ-ს, ნიკა ბ-ს და ალექსანდრე ა-ს დახმარებით საქართველოში ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაჰქონდათ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული პირები უკანონო იარაღის საქართველოში შეძენას და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეალიზაციას პერიოდულად აწარმოებდნენ.
სამართალდამცველებმა, ტოჰიდ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინისა და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, 520 საბრძოლო ვაზნა, ნაჰარინ მოჰამად ა-ს და სეიედ რაზავი მირ ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი, ირანის რესპუბლიკის ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილი ავტობუსის ჩხრეკისას 200 საბრძოლო ვაზნა და „ჩე-ზე 500“-ის მოდელის შაშხანა, ხოლო ალექსანდრე ა-ს საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას 51 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).