შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნიკოლოზ თ. თბილისში, სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ნიკოლოზ თ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „სტეჩკინ-ნეუგოდოვის“ კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური პისტოლეტი, „პე-ეს-ემ“-ის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „არმინიუსის“ მოდელის არარეგისტრირებული რევოლვერი, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ტოზ ბე-ემ“-ის მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი, 2 მაყუჩი, „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 1 ცალი მსხვრევადი ხელყუმბარა, 1 ცალი ელექტროდეტონატორი, ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება, ქარხნული წესით დამზადებული 2 ცალი ხიშტ-დანა და 145 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).