შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კახა ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის რაიონის სოფელ ართანაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კახა კ-მ გვიან ღამით არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში რამდენიმეჯერ გაისროლა. გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, „ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 12 მასრა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).