შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).