შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევის ტყეში სახერხი ტექნიკის დემონტაჟის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება.
ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევის ტყეში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახერხი ტექნიკის დემონტაჟი დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც სიტუაცია განმუხტეს. ინციდენტის შედეგად დაზიანდა სატყეო სამსახურის კუთვნილი ავტომობილი.
გამოძიება ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე და 187-ე მუხლებით).