შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ნათია ხ, 1992 წელს დაბადებული კახაბერ ა, 1969 წელს დაბადებული გელა ჯ. და 1968 წელს დაბადებული ელგუჯა წ. კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული ჯუმბერ ქ, 1976 წელს დაბადებული კახა ა. და 1977 წელს დაბადებული გია ფ. თაღლითობის ბრალდებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათია ხ-მ, კახაბერ ა-მ, გელა ჯ-მ და ელგუჯა წ-მ 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილამდე, თბილისში, „რესპუბლიკა ბანკს“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“-ს, „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“ და „პრივატ ბანკს“ სამომხმარებლო სესხების მიღებისთვის განაცხადით ინდივიდუალურად მიმართეს. მათ სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს სხვადასხვა კომპანიის სახელით დამზადებული ყალბი სამსახურებრივი ცნობები მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ყალბი საბანკო ამონაწერები სახელფასო ანგარიშების შესახებ. ყალბი დოკუმენტაცია მათ ჯუმბერ ქ-მ, კახა ა-მ და გია ფ-მ დაუმზადეს.
აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკებსა და ნათია ხ-ს, კახაბერ ა-ს, გელა ჯ-ს და ელგუჯა წ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მათ უკანონოდ აიღეს კრედიტები. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიღებულ თანხებს ბრალდებულები ერთმანეთში ინაწილებდნენ. გაცემული კრედიტების სახით ბანკებისათვის მიყენებულმა ზარალის ოდენობამ ჯამში 279 631 ლარი შეადგინა.
გამოძიება ნათია ხ-ს, კახაბერ ა-ს, გელა ჯ-ს და ელგუჯა წ-ს მიმართ კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ჯუმბერ ქ-ს, კახა ა-ს და გია ფ-ს მიმართ კი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).