შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლაშა ხ, 1961 წელს დაბადებული დავით გ, 1985 წელს დაბადებული პავლე ჩ, 1970 წელს დაბადებული ბესიკ ე, 1966 წელს დაბადებული გიორგი მ, 1981 წელს დაბადებული მინდია ც. და 1973 წელს დაბადებული ვასილ ს. უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა ბესიკ ე-ს, გიორგი მ-ს და მინდია ც-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანებიდან უკანონოდ მოჭრილი 6,5 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი ამოიღეს. ასევე ამოღებულია პავლე ჩ-ს და ლაშა ხ-ს კუთვნილი, უკანონოდ მოჭრილი, 5 მეტრის სიგრძის 43 მორი და 3 მეტრის სიგრძის 17 მორი, ხოლო ვასილ ც. ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტზე იმ დროს ამხილეს, როდესაც მას უკანონოდ მოჭრილი 25 კუბური მეტრი ფიცარი უკანონოდ გადაჰქონდა.
გამოძიება უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე, 128-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის, 128-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).