საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი დავით ქავთარაძე, შპს "ტომატო"-ს დირექტორი ალექსანდრე ილაშვილი, ამავე შპს-ს ბიზნეს-პარტნიორი ალექსანდრე რობაქიძე და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ფიზიკური პირი ადალეთ ბაირამოვი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ქავთარაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა და უპირატესობას შპს "ტომატო"-ს წარმომადგენლებს – ალექსანდრე რობაქიძესა და ალექსანდრე ილაშვილს ანიჭებდა. იგი შპს "ტომატო"-ს საექსპორტოდ გასატან ტვირთებზე ფიტოსანიტარიულ სერთიფიკატებს ყოველგვარი შემოწმებისა და დათვალიერების გარეშე გასცემდა. დავით ქავთარაძე აღნიშნულის სანაცვლოდ შპს "ტომატო"-ს წარმომადგენლებისგან გარკვეულ თანხას იღებდა.
თავის მხრივ, შპს "ტომატო"-ს წარმომადგენლები ფიზიკურ პირთან – ადალეთ ბაირამოვთან წინასწარი შეთანხმებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისათვის წარმოშობის ქვეყნის შეცვლის მიზნით, აყალბებდნენ ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტაციას საბაჟო ორგანოებში წარადგენდნენ.
გამოძიება დავით ქავთარაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), ხოლო ალექსანდრე ილაშვილის, ალექსანდრე რობაქიძის და ადალეთ ბაირამოვის მიმართ გამოძიება ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).