შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ზურაბ ტ. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1967 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ნასამართლევი ანდრია შ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ ტ-მ 2014 წლის 2 თებერვალს, ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ანდრია შ-ს საცხოვრებელ სახლში, 1971 წელს დაბადებულ თეონა ც-ს ურთიერთშელაპარაკებისას სხეულის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თეონა ც. მიყენებული დაზიანებებისგან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დანაშაულს შეესწრო ანდრია შ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ ტ. სოფელ სარფში, ხოლო ანდრია შ. თელავში დააკავეს.
ზურაბ ტ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ზურაბ ტ-ს მიმართ განზრახ მკვლელობის, ხოლო ანდრია შ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით).