შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს შემოტანის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ედუარდ ე. დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ედუარდ ე-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქრო ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 999,9 სინჯის ოქრო, რომელიც 1 კილოს და 297 გრამს იწონის და მისი საბაზრო ღირებულება 93 427 ლარს შეადგენს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ოქროს ზოდები სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით შემოიტანა.
გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო.