შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ალექსანდრე კ. ნარკოტიკული საშუალების შენახვა-გასაღების ბრალდებით, ხოლო 1966 წელს დაბადებული ლევან ვ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ლევან ვ-ს პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრა, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „ჰაშიში“ ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი, საერთო წონით – 1,0206 გრ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ვ-მ ნარკოტიკული საშუალება ალექსანდრე კ-სგან 600 აშშ დოლარად შეიძინა. სამართალდამცველებმა ალექსანდრე კ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,0483 გრ კანაფის ფისი და 0,5 გრ გამომშრალი მარიხუანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე ბრალდებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ალექსანდრე კ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, ხოლო ლევან ვ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).