შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ლევან თ, მისი მეუღლე - 1980 წელს დაბადებული ნატა დ. - თბილისში, ხოლო 1970 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ელდარ გ. ქუთაისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას და მათ ორგანიზატორობას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, 1979 წელს დაბადებული ლაშა თ.
სამართალდამცველებმა ელდარ გ-ს პირადი ჩხრეკისას 0,1565 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 12 აბი "სუბუტექსი" და აბის 12 ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 3,92176 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 484 აბი "სუბუტექსი" და აბის 15 ნატეხი ამოიღეს. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს საკონტროლო შესყიდვით მიღებული 0,15832 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 18 აბი "სუბუტექსი", აბის ნატეხები და ფხვნილისებური ნივთიერება, ხოლო ლევან თ-ს და ნატა დ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი - 200 ლარი.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).