შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფიკ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულია 34,4141 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 17,2793 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).