შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
25-05-2015

შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბეგლარ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).