შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ჯეიხუნ გ, 1991 წელს დაბადებული ჩარკაზ მ, 1988 წელს დაბადებული ადილ კ, 1985 წელს დაბადებული ზაურ მ. და 1987 წელს დაბადებული მერაბ მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 22 მარტს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, თბილისი-წითელი ხიდის 37-ე კილომეტრზე 2 ავტომანქანით მოძრაობდნენ, თავს დაესხნენ იმავე მაგისტრალზე მოძრავი „მერსედესი“-ს მგზავრებს. აღნიშნულ ავტომანქანაში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ბრალდებულებმა ერთ-ერთი მგზავრი - 1980 წელს დაბადებული ნარიმან მ. ცივი იარაღით დაჭრეს, ავტომანქანიდან 160 ათასი აზერბაიჯანული მანათი, 45 ათასი ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნარიმან მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).