შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ამხილეს სს „საქართველოს რკინიგზის“ ბროწეულას სადგურის უფროსი ამირან მურუსიძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ ბროწეულას სადგურის უფროსმა ამირან მურუსიძემ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მოქალაქეს მისივე ინტერესებისათვის 2000 აშშ დოლარი მოსთხოვა, რის სანაცვლოდაც, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, სადგურის ჩიხში შემავალი ლიანდაგით სარგებლობას და საწყობამდე ვაგონის მიყვანას დაჰპირდა.
სამართალდამცველებმა ამირან მურუსიძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 1000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო.