შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის ფარულად დაუფლებაში ამხილეს და ბრალი წარუდგინეს 1989 წელს დაბადებულ ბაჩუკი ღ-ს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე ონლაინ კაზინო „ლიდერბეთი“-ს მომხმარებლის სახელებს შემთხვევით ირჩევდა და პაროლის სხვადასხვა კომბინაციის შეყვანით მომხმარებლის ანგარიშზე უნებართვო ავტორიზაციას გადიოდა.
ბრალდებული უკანონოდ მოპოვებულ ანგარიშებს პაროლებს უცვლიდა და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ანგარიშზე არსებულ თანხებს. შემდეგ იგი ინტერნეტ-კაფეში უცნობ პირებს წინასწარ უთანხმდებოდა და სთხოვდა მასთან ეთამაშათ და მოეგოთ, ხოლო მოგებული თანხა „ლიდერბეთი“-ს სალაროებში გაენაღდებინათ და განაღდებული თანხა მისთვის გადაეცათ.
ბრალდებულმა აღნიშნული მეთოდით „ლიდერბეთი“-ს 411 მომხმარებლის ანგარიშზე შეაღწია უკანონოდ და 22 მომხმარებლის ანგარიშზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
ბაჩუკი ღ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).