საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 2014 წლის 19 აპრილს კიბერდანაშაულის ჩადენის და დიდი ოდენობით, ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე, დავით ი-სთვის ცნობილი გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები - 5, 9, 15, 19, 30, 32. დავით ი. მუშაობდა შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა შპს „საქართველოს ფოსტისა“ და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.
მან ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, ვინაიდან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან და ხელოვნურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს მომგებიანი ყალბი ბილეთი, რომელშიც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები.
აღნიშნული ბილეთის ქსელში დარეგისტრირებისთანავე პირველი საპრიზო კატეგორია - ჯეკპოტი, 561 176 ლარის ოდენობით, გათამაშებულად გამოცხადდა, თუმცა დავით ი-მ დანაშაულებრივი განზრახვა თანხის თაღლითურად დაუფლების თაობაზე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან იგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს.
2014 წლის 20 აპრილს დავით ი-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტი), სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტი) და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კიბერდანაშაული, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის ფაქტი).
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დავით ი. დანაშაულის ჩადენის დროს მოქალაქე სოფიო ყ-სთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა. დავით ი-ს მიერ დამზადებული ლოტოს მომგებიანი ყალბი ბილეთი სოფიო ყ-მ გამოიყენა 561 176 ლარის ოდენობით ჯეკპოტის თაღლითურად დაუფლების მიზნით.
2014 წლის 26 აპრილს სოფიო ყ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის მცდელობის ფაქტი) და სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადების ფაქტი).
საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო.