შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რეზიკო გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუცლის არეში დანით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ხვიჩა გ, ხოლო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ხვიჩა გ-ს დედას - დარეჯან გ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხვიჩა გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეზიკო გ. მომხდარიდან 1 საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).