შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს და ანტიკორუფციული დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნიკოლოზ თ. ყალბი დიპლომის დამზადების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკოლოზ თ-მ 1975 წლის დაბადებულ ირაკლი მ-ს ელმავლის მემანქანის თანაშემწის ყალბი დიპლომი 500 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა. სამართალდამცველებმა ყალბი დიპლომი და ირაკლი მ-სგან აღებული 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).