შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გამშვებ პუნქტ „ვალე“-ს თანამშრომლებმა ვარშავის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1953 წელს დაბადებული იბრაჰიმ აკაია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას „ვალე“-ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
იბრაჰიმ აკაია პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლით 2008 წლის 9 აპრილიდან იძებნებოდა. მას ბრალად ედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 91-1 მუხლით და 1997 წლის ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო აქტის 43.1 და მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს. 1999 წლის ოქტომბერში იბრაჰიმ აკაიამ თურქეთის ტერიტორიაზე, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ბაზარზე გაიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკი – რამდენიმე კგ ჰეროინი. შემდგომ მან აიძულა სხვა პირი, რომ აღნიშნული ნარკოტიკი წაეღო ჰოლანდიაში. ამ უკანასკნელმა ნარკოტიკები სლოვაკეთიდან ჰოლანდიაში გერმანიის გავლით სპეციალურად ადაპტირებული ავტომანქანით წაიღო. 1999 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 24 დეკემბრამდე იბრაჰიმ აკაიამ სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად კრაკოვში, ვალცში, აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე, ბაზარზე გაიტანა 20 კგ ჰეროინი. მან უზრუნველყო ნარკოტიკების თურქეთიდან ბულგარეთში ტრანსპორტირება სხვა პირთა მეშვეობით.
ჩადენილი ქმედებისთვის იბრაჰიმ აკაიას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვის ვადით. ამჟამად დაკავებული გადაყვანილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.