შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გივი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჩოხატაურში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცმაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფი, ხოლო ეზოს ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ყუმბარმტყორცნი და ყუმბარები: „ერ-პე-გე 7“-ის ტიპის 1 ცალი მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, „ერ-პე-გე 22“-ის ტიპის 1 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი, „ერ-პე-გე 7“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნის „ო-ეფ-ჯე“-ს ტიპის 1 გასროლა და „ერ-პე-გე 7“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნის „პე-გე-7“-ის ტიპის 1 გასროლა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).