შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული შოთა ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში, თვითნაკეთი პისტოლეტიდან გასროლით გოდერძი ჯ-ს მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შოთა ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ჭითაწყაროში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).