შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული გაგა კ, 1973 წელს დაბადებული ბექარი კ. და 1980 წელს დაბადებული მაკა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გლდანის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს: 92 შეკვრად დაფასოებული 19,3896 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 5,367 გრ ჰეროინს შეიცავს, 3 აბი „მეტადონი“ და ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,0001 გრ კოკაინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 0,276 გრ ე.წ. „ბიო“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.