შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნიგერიის 3 მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული ეჰის ტრეისი ო, 1984 წელს დაბადებული უგოჰ ნზეჩი ბ, 1987 წელს დაბადებული ეკეჰ ვალენტინ ჩ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის წაქეზების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1976 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ოქსანა ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიგერიის მოქალაქეებმა ოქსანა ბ-ს თბილისში, მეტეხის ქუჩაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში, თურქეთში გასატანად ნარკოტიკული საშუალება გადასცეს. რამდენიმე დღის შემდეგ მათ მიაკითხეს ოქსანა ბ-ს და დატოვებული ნარკოტიკული საშუალების საფასური ან ნარკოტიკის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. მათ შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რის შემდეგაც ნიგერიის მოქალაქეებმა ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ოქსანა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ოქსანა ბ-ს ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 158,3277 გრ კოკაინს წარმოადგენს. უგოჰ ნზეჩი ბ-ს პირადი ჩხრეკისას – 4,5911 გრ, ხოლო ეკეჰ ვალენტინ ჩ-ს პირადი ჩხრეკისას 5,0521 გრ კოკაინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ოქსანა ბ-ს კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ოქსანა ბ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით), ხოლო უგოჰ ნზეჩი ბ-ს, ეჰის ტრეისი ო-ს და ეკეჰ ვალენტინ ჩ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების, ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის წაქეზების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).