შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მამუკა გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შუახევის რაიონში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, 1988 წელს დაბადებულმა მამუკა შ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ჭრილობა მიაყენა მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ რაულ მ-ს.
იმავე დროს, მამუკა ა-ს და რაულ მ-ს თანხმლებმა პირმა - მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამუკა შ. და რაულ მ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო. დანაშაულის ჩადენის მეორე იარაღი - დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).