შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ შვიდბიჭაშვილი მოქალაქე გივი ო-ს აუქციონის შედეგების გაუქმებას და მიწის ნაკვეთის დაბრუნებაში დახმარებას დაჰპირდა, რასაც იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსნებისთვის 50000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოახერხებდა.
მალხაზ შვიდბიჭაშვილმა მოტყუებით, თაღლითურად, თითქოსდა სასამართლო ინსტანციებში პროცესების მოგების სანაცვლოდ, გივი ო-ს 2012 წლის სექტემბერში 25000 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის თებერვალში 15000 აშშ დოლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).