შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ევროპულ რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. დელეგატებს მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდორი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. კონფერენციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, მთავრობის წევრები, „OGP“-ის 30-ზე მეტი წევრი ქვეყნის, სამუშაო ჯგუფებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები, მათ შორის „OGP“-ის მმართველი კომიტეტის რამდენიმე წევრი ქვეყნის მინისტრი. OGP”-ის მიზანია წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარების რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შექმნას, სწორედ ამას ემსახურება ორდღიანი კონფერენცია, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ იმართება.
ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობის ბოლო 2 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო. სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმის თანახმად, შს სამინისტროს 5 პროექტის განხორციელების ვალდებულება დაეკისრა, რომელთაგან 4 შესრულებულია. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრსა და მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს მიერ სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. კერძოდ: დაინერგა ონლაინ კონსულტაციის მექანიზმები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი გახდა, შეიქმნა და გამოქვეყნდა შსს-ს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგები. შეიქმნა „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხები: ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს გადაუდებელ შემთხვევებში შეუძლიათ 112-თან დაკავშირება მოკლე (sms) შეტყობინებით ან ვიდეოზარით ჟესტურ ენაზე, ასევე განგაშის სიგნალის 112-ში გაგზავნა შესაძლებელი იქნება მაშინაც, თუ პირი გასულია მობილური ოპერატორების მომსახურების ზონიდან (GPS ტრეკერით); მეხუთე პროექტი – ინტერაქტიული სტატისტიკა და დანაშაულის კრიმინოგენული რუკის შექმნა – მალე დასრულდება. კონფერენციის ფარგლებში, შსს-მ აღნიშნული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შეხვედრას მასპინძლობს. კონფერენციის ჩასატარებლად „OGP”-ის მონაწილე 65 ქვეყანას შორის საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ღია მმართველობის კუთხით წარმატების გამო მოიპოვა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ 2011 წელს აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით დაფუძნდა, რომელსაც საქართველო იმავე წელს შეუერთდა. დღეისათვის ამ ინიციატივაში 65 სახელმწიფო მონაწილეობს. მათი საერთო მიზანია უზრუნველყონ მთავრობათა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა. 2013 წელს პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა, საქართველო მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯების გამო, „OGP“-ის მმართველ კომიტეტის წევრად აირჩიეს. აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.