შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გაქურდვაში ბრალდებული პირ...
14-05-2014

შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გაქურდვაში ბრალდებული პირი დააკავა

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის გაქურდვის ფაქტზე, ამავე შტაბის აქტივისტი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კ-მ თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან 12 მაისს, ღამის საათებში, „ლენოვოს“ ფირმის 2 პორტატიული კომპიუტერი და „ეიჩ პი“-ს ფირმის 2 პრინტერი ფარულად მიითვისა და მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთები მან თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში, ხაშურში დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).