შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას ქალაქ თბილისის 150-ე ბაგა-ბაღიც შეუერთდა. შსს-ს წარმომადგენლებმა ბაგა-ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელების მშობლებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გააცნეს და კამპანიის ატრიბუტებით დაასაჩუქრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, იმის შესახებ რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა ბაგა-ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.