სასტუმრო "Radisson Blu iveria"-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი "საქართველოს სოლიდარობის ფონდი"-ს 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დონაციის კუთხით "სოლიდარობის ფონდში" 10 წამყვან უწყებაში პირველ ადგილზეა. შსს-ს თანამშრომლებმა ფონდში 43 150 ლარი გადარიცხეს. ფონდის შემაჯამებელ ანგარიშზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯილდო გადაეცა. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ შეხვედრაზე შეკრებილ სტუმრებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით მადლობა გადაუხადა.
დღევანდელ შეხვედრაზე "სოლიდარობის ჯილდო" გადაეცა 24 საჯარო უწყებას - როგორც ცენტრალურ სამინისტროებს, ასევე ცალკეულ სამსახურებს, რწმუნებულის აპარატებს, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლები სრული (100%) შემადგენლობით მონაწილეობენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში, ან ყოველთვიურად ყველაზე მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე მაღალ დონაციებს უზრუნველყოფენ.
ამოქმედებიდან დღემდე, "სოლიდარობის ფონდი"-ს საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ამასთანავე ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმი 14 კერძო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც, მიკროფილანტროპიის, ანუ მცირე ქველმოქმედების საშუალებით ფონდში რეგულარულად ხდება დონაციების მობილიზება. არსებული დახმარებით, ფონდში საერთო ჯამში 1,701,000 ლარის მობილიზება მოხდა და 1,198,000 ლარით დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის, განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.