შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება. ამჯერად შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, ანტიკორუფციული სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ონის და ამბროლაურის რაიონებს ეწვივნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 160-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.
შს სამინისტრო საქველმოქმედო აქციას დეკემბრის ბოლომდე გააგრძელებს და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს. სამინისტრო სულ 500-მდე ოჯახს დაეხმარება. საქველმოქმედო აქცია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარებას გულისხმობს.