შინაგან საქმეთა მინისტრის - გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ შს მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის: აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომეისთან; აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს უფროსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბრაუნფილდთან; აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ჩაკ როზენბერგთან; აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დირექტორ კენეტ მეიერსთან და ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორ ვერნან ქანანთან.
გიორგი მღებრიშვილმა ამერიკელ სამართალდამცველებთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. შს მინისტრის თქმით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მღებრიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სამართალდაცვით სფეროში წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომეიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებისა და გამომძიებლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორმა კენეტ მეიერსმა შს მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა: „ჩვენ ვამაყობთ საქართველოს მთავრობის წარმატებითა და თქვენთან ურთიერთობით. საქართველო არის სანიმუშო მაგალითი რეგიონში უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კუთხით“.
გიორგი მღებრიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უწყების განვითარების პროცესში საკუთარი წვლილი მომავალშიც შეიტანონ. მათ მხარი დაუჭირეს დაგეგმილ რეფორმებს და შემუშავებული პროექტების დეტალებით დაინტერესდნენ.
შს სამინისტროს დელეგაცია ასევე ეწვია საქართველოსთან დაძმობილებულ ჯორჯიის შტატსა და ადგილობრივ სამართალდამცველებთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
აშშ-ში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის დეტალებით ადგილობრივი მედიასაშუალებებიც დაინტერესდნენ. ჟურნალისტებთან ინტერვიუების დროს გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების წარმატებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე.