შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ ამბროლაურში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ამბროლაურის სამმართველოს განახლებული შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა.
გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, სამმართველოს გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა.
განახლებულ შენობაში 29 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი მუშაობს.
შს მინისტრმა 4 მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
შს სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2015 წლიდან დღემდე, განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12 შენობა, აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე, 3 ახალი შენობის აშენება და 4 ძველი ნაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.