შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლელა ჩიქოვანთან და ქალაქ თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, თანამშრომლობის ოთხმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, მხარი დაუჭიროს ქართულ კინოს წარმოების პროცესში.
„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული კინოს განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის უჭერდა მხარს ქართული და უცხოური კინოს განვითარებისა და პოპულარიზაციის პროექტებს. მომავალშიც გავაგრძელებთ კულტურის სამინისტროსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა, რაც კინომწარმოებლებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით გამარტივებული წესით სარგებლობის საშუალებას მისცემს. მემორანდუმის შედეგად, მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული პროექტები, ასევე დამოუკიდებელი კინომწარმოებლები. აღნიშნული დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
მემორანდუმს ხელი ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწერა.