შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ სემინარში – "წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" მონაწილეობა მიიღო და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
სემინარში, რომელზეც საქართველოს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი განიხილეს, ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ექსპერტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წლიური ეროვნული პროგრამა არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას უწყობს ხელს.
სემინარზე ნატო-ს ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2016 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ, აღნიშნულ დოკუმენტს ქართული მხარე ალიანსს წარუდგენს.